пятница, 27 марта 2015 г.

ძველი თბილისის არქიტექტურა

XIX საუკუნის თბილისი, ერთ-ერთი იმდროინდელი ჟურნალისტის სიტყვით ორსახა იანუსს ჰგავდა - ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას, ყველას ხიბლავდა თავისი კოლორიტით, რომელიც მის გარეგნულ სახეშიც გამოიხატებოდა და მის ყოფა-ცხოვრებაშიც. ეს ის  პერიოდია, როდესაც თბილისი და ასევე მთელი საქართველო უკვე იყო მოქცეული საერთო ევროპული განვითარების პროცესში.
ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან.
აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს. 
ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური“ არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად ვერ შევხვდებოდით.
არქიტექტურის „გაევროპულებამ“, ყოფა - ცხოვრების ახალმა ნორმებმა, უპირველეს ყოვლისა, გავლენა მოახდინა საცხოვრებელი სახლის არქიტექტურაზე, რომელიც ადამიანის საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა ფუნქციას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით თბილისის საცხოვრებელი სახლის არქიტექტურაში  იჭრება ახალი ფორმები, ახალი ელემენტები, მათ შორის შესასვლელი-სადარბაზო, რომელიც სახლის რესპექტაბელურობის, მისი „ევროპულობის“ ერთ-ერთი ნიშანი ხდება. შეძლებული მოქალაქეები ევროპული ყოფის სტანდარტებისკენ მიისწრაფვოდნენ, აღარ კმაყოფილდებიან წინანდელი სახლების გარეგნული სახით და კომფორტის დონით.